წონის პრობლემები მოზრდებში

იკვებე ჯანსაღად

18-19 წლამდე ასაკის ორგანიზმი კვლავ იზრდება და ფორმირდება. ამიტომ, მკაცრი დიეტა და კვების შეზღუდვა არ მოიტანს კარგ შედეგს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დარღვევა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები და კანის პრობლემები, ხოლო არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და ჰიპოვიტამინოზი. ამიტომ, 19 წლის ასაკამდე, მკაცრი დიეტა მიუღებელია. შესაძლოა შეამციროთ კალორიები, ისე, რომ ორგანიზმმა სწრაფად დაწვას და არ შეინახოს ისინი პრობლემურ ადგილებში.  პირველ რიგში, თუ მოზარდი უკვე დაფიქრდა ამ პრობლემაზე, მაშინ აუცილებელია საჭირო სპეციალისტების ჩართვა. პირველ რიგში უნდა მიმართოთ ექიმს – ენდოკრინოლოგს, რომელმაც მკურნალობა ფსიქოლოგთან ერთად უნდა ჩაატაროს, ვინდაიდან მოზარდის წონის პრობლემები ასევე ფსიქოლოგიურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ჩვენ შეგვიძლია ძალიან ზოგადი რეკომენდაციებით შემოვიფარგლოთ (რომლის გათვალისწინებაც შეგიძლიათ დაიწყოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ). კერძოდ, მოზარდებმა მკვეთრად უნდა გაზარდონ აქტივობა – კომპიუტერთან ჯდომა ან ტელევიზორის წინ დივანზე წამოწოლა უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.

აქვე გეტყვით რამდენიმე ზოგად რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სწორ კვებაში.

• პირველი და გავრცელებული პრობლემა – შაქარი, ტკბილი გაზიანი სასმელების მოხმარება ( ლიმონათები, კოკა-კოლა, პეპსი, ე.წ. ნატურალური წვენები ). დღეს მოზარდები და არა მარტო ჭარბად მოიხმარენ ტკბილ ლიმონათებს. გარდა მათი მავნე ქიმიური შემცველობის, ძალიან მავნებელია მათში შემავალი შაქრები. თუ ძალიან გინდათ, მაშინ უშაქრო კოლა ან მსგავსი შეგიძლიათ დალიოთ, ისიც მაქსიმალურად იშვიათად. შაქარი – ზოგადად სასურველია დაიყვანოთ მინიმუმამდე, თუ ვერ შეძლებთ მთლიანად მის ამოღებას.

• წონის მატების მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – ცომეული, განსაკუთრებით გარეთ ნაყიდ ცომეულს ვგულისხმობ, რაც მეტად მავნებელია, რადგან მზადდება ძირითადად “ცუდ” ცხიმებზე და შეიცავს ტრანსცხიმებს. რა თქმა უნდა, უკეთესია საერთოდ უარი თქვათ ცომეულზე, თუმცა, სახლში გამზადებული შეგიძლიათ მიირთვათ, რომელიც იქნება ხარისხიან ცხიმზე დამზადებული (ნაღების კარაქი, ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ერბო).

• შაქრების დიდი რაოდენობითა და ბევრი სხვა არასასარგებლო ელემენტებით ხასიათდება ნებისმიერი წარმოების შოკოლადები (სნიკერსი, ბაუნტი, ალპენ გოლდი და სხვა). საუკეთესოა სახლში დამზადებული შოკოლადი კაკაოთი და ნაღებით, ასევე ე.წ. სუფთა შოკოლადი, რომელიც სუპერმაკრეტებშიც გვხვდება.

• აუცილებლად გამოიყენეთ ხარისხიანი ცხიმები – ნაღების კარაქი, ერბო, ქოქოსის კარაქი და ზეითუნის ზეთი extra virgin. არასასურველია მზესუმზირის ზეთი, სპრედები და მარგარინები, რადგან ისინი ისედაც მავნებელია ორგანიზმისთვის.

• უნდა მაქსიმალურად მოვერიდოთ ძეხვებს და სოსისებს. გარდა იმისა, რომ მათში საღი ხორცის რაოდენობა ძალიან მცირეა, ასევე ისინი სავსეა კანცეროგენებით (რაც მკვეთრად ზრდის კიბოს რისკს).

• რაციონი მაქსიმალურად უნდა შევავსოთ ბოსტნეულით, საღი ხორცით და ჯანსაღი ცხიმებით. ამავე დროს სახამებელით გამდიდრებულ პროდუქტები უნდა ვეცადოთ ამოვიღოთ.

ეცადეთ იყოთ აქტიურები, ისეირნოთ, ივარჯიშოთ.